ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობაში მოსკოვის ყოფილი მერის თბილისში ვიზიტზე არაფერი იციან

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი, რომელიც თავის დროზე ოფიციალურ თბილისს არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, ახლა საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას სქემარქიმანდრიტი სერაფიმ ბით ხარიბი ავრცელებს.

“მე შემოვუშვი ქვეყანაში?! წირვაზე მოვიდა. ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა. არავის გავაგდებ”, – წერს არქიმანდრიტი სერაფიმე facebook-ზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე ელენა ბატურინა საპატრიარქოს სტუმრობდნენ და მათ დაათვალიერეს უფლისციხეც.

“ვიზიტზე წარმოდგენა არ მაქვს”, – აცხადებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლუჟკოვის საზღვრის კვეთის მომენტში რაიმე კონკრეტული მონაცემი, პასპორტიდან გამომდინარე, არ არსებობდა, რაც მესაზღვრეს ექნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტზე კომენტირებისას განუცხადა.

იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს ოკუპირებულ სოხუმშია ნამყოფი და მას დარღვეული აქვს ”ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი”.

შალვა ხუციშვილის განცხადებით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.

”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისი თქმით, თუ რა რეაგირება იქნება, საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

იტვირთბა....