დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრები, რომლებიც სასამართლოში იმყოფებიან, მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სხდომის დახურვის თაობაზე, უსამართლოა. ბრალდებულის მეგობრები დეკანოზისა და მისი ოჯახის ფოტოების პრინტიანი მაისურებით გამოცხადნენ სასამართლოში.
როგორც დეკანოზის მეგობარმა რაულ აგიკიანმა განაცხადა, სხდომის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებას დაუმალონ სიმართლე:
“ჩემი აზრით, სხდომის დახურვა არის უსამართლო, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე საზოგადოებას დაგვიმალონ სიმართლე და დაგვიმალონ ის, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ტყუილუბრალოდ ზის ციხეში. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებია საქმეში. ის არგუმენტი, რომ მტკიცებულებები გასაჯაროვდება ჩვენი პროცესზე ყოფნით, არის უსაფუძვლო. თვითონვე გაასაჯაროვეს მტკიცებულებები, რაც მთელმა საქართველომ ვიხილეთ. აღშფოთებული ვარ, პრინციპში ვხვდებოდი რასაც აპირებდნენ, მაგრამ ასეთ რამესაც არ ველოდი”- აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა.
შეგახსენებთ, დღევანდელი წინასასამართლო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით სრულად დაიხურა.