ე.წ. ციანიდის საქმის პირველ წინასასამართლო სხდომას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავაც დაესწრება.
როგორც ედიშერ ქარჩავამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ფიქრობს, რომ სხდომა არ უნდა დაიხუროს.
„მე მხარე არ ვარ, როგორც დაინტერესებული პირი ისე ვესწრები სხდომას. ჩემთვის ორივე მხარის პოზიცია მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რა არგუმენტი აქ დაცვას, როცა ითხოვს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. ჩვენ პოზიციას არ ვაფიქსირებთ. ჩემი აზრით, სხდომა ღია უნდა იყოს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
პროკურატურა სხდომის დახურვას ითხოვს, ადვოკატები და თავად ბრალდებულიც მომხრე არიან, რომ სხდომა ღია იყოს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლებიც, პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობას ამტკიცებს.
თავის მხრივ, საკუთარი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ დეკანოზის ადვოკატები. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებენ. ერთ-ერთი მათგანი დეკანოზის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას უკავშირდება.