ანალიტიკოსები „მეტრონომთან“ კონსტიტუციის შესაძლო ცვლილებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ
ავტორი: ელზა პაპოშვილი
ყველა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, კონსტიტუცია არის გადასარჩენი, დასაწყებია საერთო-სახალხო მოძრაობა, ხელისუფლება თავისი ვიწროპარტიული ინტერესით სცოდავს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის გარშემო დაპირისპირებამაც ხელისუფლება ფაქტობრივად მარტო დატოვა. – ასეთია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა პათოსი.
„ოცნებას“ მთელი ოპოზიცია, საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც, პლუს არასამთავრობოთა ნაწილი უპირისპირდება და ერთად იწყებენ კონკრეტულ კამპანიას, რომ “ოცნების” მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ აღუდგნენ.
პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები „მეტრონომთან“ ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ დაპირისპირებაში მარტო აღმოჩნდა და თვითიზოლაციას მიმართავს. მათი აზრით, „ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებას ცდილობს და პოლიტიკურად არაადეკვატურად მოქმედებს.
ოპოზიცია კი ხელისუფლების ქმედების საპასუხოდ კამპანიას, სახელწოდებით – “დაიცავი კონსტიტუციას” იწყებს და უკვე დეკლარაციის დონეზე ქმნის. ისინი რეგიონებში გასვლას იწყებენ, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საერთო-სახალხო განხილვის პარალელურად მოსახლეობას აუხსნან, რეალურად რა და როგორ იცვლება კონსტიტუციაში, რას მოიტანს ეს და რატომ აპროტესტებენ თავად ამ ცვლილებებს.
ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს გააცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, ეუთოს და ა.შ.
ამ კამპანიას ემატება ისიც, რომ პარალელურად, პლებისციტის მოთხოვნისთვის 200 000 ხელმოწერის კარდაკარ შეგროვებას იწყებს პარტია “ევროპული საქართველო”.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარ თავზე და პარტიაზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ ბეწვის ხიდზე გავლას ცდილობს, რაც არც თუ ისე კარგად დასრულდება. ხუხაშვილის თქმით, თვალნათლივ ჩანს, რომ „ოცნება“ ფაქტობრივად თვითიზოლაციას მიმართავს და პარტნიორების გარეშე არის დარჩენილი.
ანალიტიკოსის განცხადებით, „ოცნების“ წინააღმდეგ როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტებიც კი, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაში განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ, კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ. ამიტომ, ხელისუფლება ეძებს დამნაშავეს, რომელსაც ამ ყველაფერს დააბრალებს, ასეთი კი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომლის აქტიურობაც მათში ღია აგრესიას იწვევს.
„ამ პროცესში ყველა თავის ინტერესებზე ფიქრობს. პრეზიდენტი ამ ეტაპზე არის ერთადერთი ინსტიტუციონალური ელემენტი, რომელიც საზოგადოებას რეალურად აჩვენებს, ხელისუფლება ამ ცვლილებების მეშვეობით, როგორ ცდილობს, რომ მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესები დაიკმაყოფილოს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში საკუთარი პოლიტიკური ინეტერესებისთვის მოქმედებს, უკვე არასერიოზულობას გასცდა. ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მისი შეთქმულების თეორიები, უკვე შემაშფოთებელია.
კობახიძის მსგავსი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა, უკვე სახიფათო ხდება. ის უკვე თავად „ოცნების“ პრობლემად იქცა. ამ კაცს ასანთი ხელში არ უნდა ჩაუგდონ, თორემ ბოლოს საკუთარ სახლს გადაწვავს“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.
მისი თქმით, ის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას და მიზანს ვერ ხედავს. ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადადგომას იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ ხელისუფლება შეეცდებოდა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს ამოქმედებულიყო. თუმცა, ხუხაშვილის განცხადებით, კობახიძემ გარკვევით თქვა, რომ ეს ცვლილება 2023 წელს ამოქმედდება.
ხუხაშვილის თქმით, მარგველაშვილი არ არის პარტიული ტიპის პოლიტიკოსი და შესაბამისად მის გადადგომას აზრი არა აქვს. ანალიტიკოსის თქმით, ის ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას ვერ შეძლებს, ამიტომაც პრეზიდენტად მოღვაწეობის შემთხვევაში უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტზე და სახალხო დამცველზე თავდასხმა არაფერში წაადგება. მისი აზრით, პირიქით, ეს მის ინტერესებს დააზიანებს.
ძაბირაძე აცხადებს, რომ „ოცნებას“ არც მარგველაშვილზე და არც ომბუდსმენზე ზეგავლენის მოხდენის რეალური ბერკეტი არ გააჩნია, ორივე მათგანი არჩეულია, შესაბამისად ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გალაშქრებით, მხოლოდ პოლიტიკურ უცოდინრობას ამჟღავნებს.
„მართალია კონსტიტუციის ირგვლივ განხილვები მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს იმ გადაწყვეტილებაზე, რაც ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად განიზრახა, დიდ ვერაფერ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
ამიტომ, ხელისუფლება და მისი ჯგუფი აცხადებს, რომ საზოგადოება მხარს მათ უჭერს, ხოლო პრეზიდენტი და ოპოზიციაც იგივეს გაიმეორებს. შედეგად მაინც მივიღებთ იმას, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, რადგანაც მას პარლამენტი იღებს. „ოცნება“ კი ამისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებს. პრეზიდენტზე და ომბუდსმენზე ასეთი სახის მკვეთრი და აგრესიული განცხადებები, ხელისუფლებას შედეგს ვერ მოუტანს.
ფაქტია ჩანს ნიშნები, რომ „ქართული ოცნება“ ყველა სხვა დანარჩენი წინა ხელისუფლებების მსგავსად, დაადგა იმ გზას, როდესაც კონსტიტუციას არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით იღებს. ეს კი ისტორიულად უკვე ვიცით როგორც მთავრდება“, – განაცხადა „მეტრონომთან“ ძაბირაძემ.
მისი თქმით, გასაკვირია რატომ ღიზიანდება „ოცნება“ და კობახიძე, როდესაც ამბობენ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. მისი აზრით, პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა და მას აძლევს საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროცესებზე არა პირდაპირი ანუ საზოგადოებრივი ზეწოლა მოახდინოს, რადგანაც მას სხვა სახელისუფლო მექანიზმები არ გააჩნია.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილს თუ სურს, რომ მან როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ფიგურამ მოღვაწეობა განაგრძოს, მაშინ უნდა გადადგეს. ანალიტიკოსის აზრით, მართალია ეს რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ პარლამენტმა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი დაამტკიცა, მაშინ მას სხვა გზა აღარ რჩება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნათ.
პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს. ამასთან, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.