იუსტიციის სამინისტროს ინფორმციით, 3 მაისიდან, 19-ვე იუსტიციის სახლში მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შეეძლებათ. აქამდე ამ ცნობას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები გასცემდნენ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, იუსტიციის სახლსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს მოეწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლებში, ეტაპობრივად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება. მათ შორის: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და სხვა.
ცვლილება მომხმარებელთა კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა. მოქალაქეებს სერვისების მიღება კვლავაც შეეძლებათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.
ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან 5 სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა.