დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღარ სურს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარეს გარკვეული სამართლებრივი და ასევე სხვა არგუმენტები აქვს, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე ისინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს რა არგუმენტებია ესენი.
გამოძიების დაწყებისას, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილს გამოთქვამდა.
საქართველოს პროკურატურამ დღეს ე.წ. “დეკანოზის საქმეზე” გამოძება დაასრულა. “მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით – განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
წყარო: ინტერპრესნიუსი