ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არჩილ თალაკვაძე ელისო კილაძისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს. მისივე თქმით, შესაძლოა, ელისო კილაძის მიერ სუს-ისა და სხვა ძალოვანი უწყებების მიმართ გამოთქმული ბრალდებები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა ძალამ პროვოკაციისთვის გამოიყენოს და მოახდინონ სუს-ის დისკრედიტაცია.

“შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალოვან უწყებებზე, მიმდინარეობს მათი დისკრედიტაციის მცდელობა. აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო ქალბატონი ელისო კილაძის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს, მესმის მისი როგორც დედის წუხილი, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და სოსო გოგაშვილს დაუკავშიროს.

ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა პროკურატურამ განიხილოს ქალბატონი ელისოს დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი”- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის  ვაჟი ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს, ამის შემდეგ  ის სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილის დაუპირისპირდა და მისი შვილის დაკავება უშუალოდ გოგაშვილის ინტერესებს დაუკავშირა.   მან სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა.

“მოკლედ და კონკრეტულად: თუ პარასკევამდე სოსო გოგაშვილი თანამდებობას არ დატოვებს “ქრონიკა+”-ის რედაქცია გადაგვაქვს ღია ცის ქვეშ ”მოდულთან”. ჟურნალისტების პროტესტის უკიდურესად კრეატიულ ფორმას მიიღებთ!!! არ გავი-სუს-ებით”!!!”-წერს კილაძე.

იტვირთბა....