4 შვილის დედა, მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი, რომელიც ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს და მის მკვლელობაში ყოფილი ქმარია ეჭვმიტანილი, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში წერდა:
“ჩემ ყოფილ ქმარს თავის კედელზე დაუპოსტავს, რჩევა მჭირდებაო. ქალი გავიცანი, ძალიან მომწონს და თავი როგორ შევაყვაროო. კაცი, რომელსაც საკუთარი შვილი არ ადარდებს და სოციალურიდან თავის წილს გვართმევს – ჩემი წილია და მე მეკუთვნისო. კაცი, რომელსაც ერთი პამპერსი არ უყიდია თავისი შვილისთვის. იმ პატარასთვის, რომელიც თითოეული თქვენგანის გაზრდილია; თქვენ ნაჩუქარ “კალიასკაში” წევს, თქვენი შვილების გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდება, თქვენ მოცემულ აბაზანაში ბანაობს და რომ არა თქვენ, არ ვიცი რა მეშველებოდა… კაცი, რომელიც ხელს არ ანძრევს და მთელი დღე კომპიუტერს მისჩერებია. ალბათ იმ თავისი წილი სოციალურით უნდა, რომ დაპატიჟოს ის ქალი… სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს.” – წერდა მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი.
ამბავმა, რომლის მიხედვითაც 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. თავიდან გაჟღერდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლე იყო, რომელმაც დანაშაული აღიარა. იგი ამ დროისთვის დაკავებულია. თუმცა, მოგვიანებით ეჭვმიტანილის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი დაღუპული ქალბატონის ქმარი არასოდეს ყოფილა.
მოკლულის შვილმა დედის მკვლელობის შესახებ პოლიციისგან შეიტყო. ოჯახის წევრების თქმით, ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, ქალს გამუდმებით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ მის კლიენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
“ყოველი გაბრაზებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა გააკეთა არასწორად,” – როგორც ონლაინ გამოცემა “პრესა. ჯი” წერს ასეთი პოსტი დაწერა მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში.