პარიზში, ელისეის მინდვრებზე გვიან ღამით მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცის შესაძლო თანამზრახველი პოლიციას ჩაბარდა – იუწყება Reuters. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდამსხმელად კი ბელგიელი აბუ იუსუფი დაასახელა. თავდასხმაში ბრალდებული პირი ანალოგიური დანაშაულისთვის 2005 წელსაც იყო დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დროით 21 საათზე მსუბუქი ავტომობილი პოლიციის ავტობუსის გვერდით გაჩერდა. მანქანიდან შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა და კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან სამართლდამცველების მიმართულებით სროლა დაიწყო.
ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა , რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა სცადა. რამდენიმე წუთში სამართლდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.
პარიზის მთავარი პოროკურორის ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და მას ძალოვანი უწყება მანამდე არ დაასახელებს, ვიდრე არ გაირკვევა, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. თავდამსხმელის სახლში მთელი ღამე პოლიციელები მუშაობდნენ.