„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის თანამშრომლობის საკითხში ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ თურქეთი მოატყუა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, მაისში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარზეც ისაუბრა. სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას თურქეთში ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ იყო სირიაში და ერაყში მოვლენების განვითარება. მაისში ჩვენ ვგეგმავთ პირისპირ შეხვედრას“, – დასძინა ერდოღანმა.