ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების საკითხი განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას საფრანგეთში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საქართველოს მიმართ საფრანგეთის მრავალწლიან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას.

„საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშნებელობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხნენ, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო განათლების კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში საფრანგეთის წვლილს გაუსვა და განაცხადა, რომ სამთო სკოლა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და წარმატებულ პროექტს წარმოადგენს.

მინისტრებმა ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლოვ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

იტვირთბა....