პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდამდე ლატვიაში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეგებმა უთხრეს, რომ 90-იან წლებში მსგავსი სისტემის შექმნით სისულელე გააკეთეს, ხოლო ვიზიტიდან სამ თვეში მმართველმა გუნდმა ეს “სისულელე” გაიმეორა.
“თავის დროზე ჩართული ვიყავი ამ დისკუსიაში და ვიყავი წინააღდეგი. მეტსაც გეტყვით, ჩვენ სამი თვით ადრე [2014 წელს] გვქონდა ვიზიტი ამ საკითხთან დაკავშირებით ლატვიაში; კითხვაც არ დაგვისვამს, თვითონ წარმოგვიდგინეს ლატვიელებმა თავიანთი სისტემა და გვითხრეს ასეთი რამ: იქ დღემდე არის ჩამოყალიბებული ე.წ. რკალისებრი მუნიციპალიტეტები, სადაც ქალაქი და რაიონი არის ერთ შენობაში – ერთი ხელისუფლება ზის ერთ შენობაში. მათ პირდაპირ ამ სიტყვებით გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი სისულელე მათ გააკეთეს 90–იან წლებში, იყო სწორედ ამ ქალაქი-რაიონის მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბება. ჩვენ დავბრუნდით საქართველოში და სამ თვეში პარლამენტში მივიღეთ კანონი, რომლითაც ჩვენ ეს “სისულელე” [გავიმეორეთ],” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, რის შედეგადაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ისევ ხუთამდე შემცირდება; თვითმმართველი ერთეულის სტატუსს დაკარგავენ ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.
125–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების არგუმენტებს 5 კონტრარგუმენტით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს არგუმენტები უზუსტობებს შეიცავს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით შემცირდება რეგიონებში დემოკრატიის ხარისხი.
netgazeti.ge