გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება.
უწყების ინფორმაციით, კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში. შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან.
„ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.