ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე და ოჯახის დეფინიციაზე იმსჯელებს

დღეს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართება, სხდომაზე განხილვის ძირითადი თემები პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი და კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩაწერა იქნება.

ოპოზიციის აზრით მმართველი გუნდი ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს, ისინი არც ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციაში შეტანას მიიჩნევენ აუცილებლობად. ოპოზიციის და საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობის შემთხევაში ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო კომისია დატოვოს.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება გარკვეულწილად იზღუდება, უქმდება მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომელიც მას გააჩნია სახელმწიფო პოლიტიკაზე ზეგავლენის. გავდივართ ჩვენ შიდაპარტიულ კონსულტაციებს და ჩამოვყალიბდებით თუ რა გზით შევძლებთ ყველაზე უკეთ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით საპარლამენტო უმცირესობა ყველანაირად შეეცდება , რომ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის გაუარესების საშუალება არ მისცეს, თუმცა სიტუაციის გართულების შემთხვევაში არც კომისიის დატოვების საკითხს გამორიცხავს:

„ამ ეტაპზე ვცდილობთ საკონსტიტუციო კომისიის შიგნით, ძალიან მწვავე დებატებით შევეცადოთ, რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის გაუარესების საშუალება, თუმცა თუ დავინახავთ, რომ საარჩევნო სისტემას ისინი მკვეთრად ამახინჯებენ, ან პრეზიდენტის უფლებამოსილებას გაუგონრად კვეცავენ, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ხალხის ინტერესებს, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ დატოვების საკითხს განვიხილავთ,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს მმართველი გუნდი , მათი თქმით კონსტიტუციის ცვლილებაზე მუშაობა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

იტვირთბა....