აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დღეს მოსკოვში ჩადის. ეს ტილერსონის პირველი ოფიციალური ვიზიტია რუსეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რანგში. ვიზიტის ფარგლებში, ტილერსონი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც 7 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სირიაში მდებარე შაირათის ავიაბაზა დაიბომბა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს “სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია” უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
ამავდროულად, რუსეთმა აშშ-სთან სირიაში ინციდენტების პრევენციის და საავიაციო უსაფრთხოების ოპერაციების უზრუნველყოფის თაობაზე მემორანდუმი შეაჩერა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.