ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმს ნატო არ აღიარებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის გრძელვადიანი დარეგულირების ძალისხმევას. ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონის დე ფაქტო ცესკომ გაავრცელა.

ბიბილოვმა ხმების 57.98 % დააგროვა, ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი მხოლოდ 30 %.  საბოლოო შედეგები ხუთ დღეში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი 1992 წლიდან ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო დანაყოფში მსახურობდა.

2008 წლის რუსული აგრესიის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართული საჯარისო დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლაში. იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის განსაკუთრებულ დავალებათა ე.წ მინისტრი და წოდებით გენერალ-ლეიტენანტი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონის დე ფაქტო პარლამენტს ხელმძღვანელობდა. უკვე ცნობილია ე.წ. რეფერენდუმის შედეგებიც.

ამომრჩეველთა 78%-ის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ცხინვალს დღეიდან – სამხრეთ ოსეთი – ალანიის სახელმწიფო დაერქმევა.

 

იტვირთბა....