საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს და ”რეფერენდუმს” აფასებს.
როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისათვის სახელის ცვლილების მოთხოვნით.
”ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.
ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ.
“ყირიმის პრეცედენტის” დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ”სამხრეთ ოსეთისთვის” სახელის „სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანიად“ შეცვლის თაობაზე ”რეფერენდუმი” მიმდინარეობს.
იტვირთბა....

