ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურატურისგან მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნა მოითხოვა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მამა გიორგის ძმისთვის დაცვის მოხსნა ოფიციალურად მოითხოვეს.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ვინაიდან დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს ღია და საჯარო, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მოითხოვს მისი ოჯახისთვის დაცვის ღონისძიების მოხსნას.

რაც შეეხება მის შიმშილობას, გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ დეკანოზის მიერ შიმშილობის დაწყებას.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით, რომ მას დაეწყო შიმშილობა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სულ ვამბობდი, რომ არის მძიმე” – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

როგორც საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, შესაძლოა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები მისი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით აზვიადებენ.

„ზუსტი ინფორმაცია როცა გაირკვევა, შემდეგ ალბათ, რეაგირება იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყოს. შეიძლება, მამა გიორგიმ მარხვა გაამკაცრა და მათ ჰგონიათ, რომ ეს შიმშილია“- აღნიშნა „მეტრონომთან“ დეკანოზმა.

ამ წუთებში დაკავებულ დეკანოზთან მისი ადვოკატები შევიდნენ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს ჩაინიშნა.

იტვირთბა....