სანქტ-პეტერბურგის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირია დაკავებული. ამჟამად, შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები და გამომძიებლები მუშაობენ. საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ტოვარიშესკის გამზირზე მდებარეობს, სპეცოპერაციის დროს მოსახლეობა ევაკუირებული იყო.
“ამაჟამად ბინაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებლებულია, დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ამ დროისთვის მცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არის”, — განაცხადა რაიონის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ხუთშაბათს, ადრე დილით ევაკუირებული იყო სახლის ორი სადარბაზო. მცხოვრებლები ახლომდებარე საბავშვო ბაღში მოათავსეს. ადგილზე მუშაობდნენ მედიკოსები და ფსიქოლოგები, მათ მიაწოდეს საკვები. უშიშროების ფედერალური სამსახურის რაიონული სამმართველო ამ დროისთვის ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სანქტ–პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა. 14 ადამიანი დაიღუპა და 50–ზე მეტი დაშავდა.