ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დემურ სტურუას საქმეში მეორე წერილი გამოჩნდა

დემურ სტურუას სკანდალურ საქმეში მეორე წერილი გამოჩნდა. „პრაიმტაიმის“ ინსფორმაციით, საქმეში დევს კიდევ ერთი წერილი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სტურუების სახლის ჭიშკართან დატოვეს. წერილის ავტორი ტაქსის მძღოლი, ვინმე გივი მენაბდეა, რომელიც სტურუას „ბათუმის პერიეზდთან“ შეხვედრას სთხოვდა. ცნობილია ისიც, რომ გივი მენაბდის ავტომობილით დემურ სტურუას სხვადასხვა სახის ნივთები არაერთხელ გადაუტანია, მათ შორის ისეთი, რომელიც შემდგომში იმავე ავტომობილით ჯართში ჩააბარეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჯართში ჩაბარებული ნივთები, მათ შორის არყის გამოსახდელი ქვაბი, მოპარული იყო. შვიდ აგვისტოს, ანუ დემურ სტურუას გარდაცვალების დღეს მოვლენები ასე განვითარდა: 16:45 საათზე სტურუა პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად შეხვდა გოდერძი თევზაძეს. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სახლში, სადაც ჭიშკართან გივი მენაბდის წერილი დახვდა, რომელიც სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვდა. დემურ სტურუამ იქვე წერილზე მიაწერა: „სახლში არ ვარ. თუ ჩემთან საქმე გაქვთ, ტელეფონი დამირეკეთ აქეთ“. ამის შემდეგ სტურუა სახლიდან გადის, სულ ცოტა ხანში კი მას საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალს პოულობენ.
დემურ სტურუას დედა არ გამორიცხავს, რომ გოდერძი თევზაძესთან შეხვედრიდან გამოსული მისი შვილი გარკვეულმა პირებმა შეამჩნიეს და იფიქრეს, რომ ის იქ მათ დასასმენად იმყოფებოდა. ნონა ჯოჯუა ვარაუდობს, რომ ჭიშკარში დატოვებული წერილიც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

„საქმეში დევს ორი წერილი. ერთი, რომელიც გარდაცვალებამდე დემურის მიერ არის დაწერილი და სადაც პოლიციის თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს ადებდა ხელს, ხოლო მეორე წერილი გივი მენაბდემ მოიტანა და დატოვა ჭიშკარში. ჩემი მაზლის ცოლი მიპირისპირდება, რომ ამ მეორე წერილზე ხმა არ ამოვიღო და არ ვთქვა სიმართლე. ბოლო სასამართლო სხდომაზე ფიზიკურადაც დაგვიპირისპირდნენ და საფლავზე მისვლასაც კი მიკრძალავენ. პირდაპირ სიკვდილით მემუქრება, თუ გოდერძი თევზაძეს არ დავადებ ხელს. მე მინდა ნამდვილი დამნაშავე დაისაჯოს და არა უდანაშაულო ადამიანი. ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი და რახან ხმა ამოვიღე, დაიწყეს ჩემზე შეტევები. ჩემი მული ჩემს შვილს სასამართლოს ეზოში ფიზიკურად დაუპირისპირდა. მთელი რიგი გარემოებების გამო, დავრწმუნდი, რომ გოდერძი თევზაძე არაფერ შუაშია და ტყუილად ჰყავთ დაჭერილი. ჩემი შვილის ნამდვილი მკვლელები კი ქუჩაში დადიან. დემურიმ რაღაც მოპარული ნივთები ჩააბარა საჯართეზე. ამის გამო მას ჰქონდა პრობლემები რამდენიმე ბიჭთან. გარდა ამისა, მიცვალებულისთვის ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ. წინა დღეს ჩემი შვილი სცემეს. დემური ეუბნებოდათ, – გამანებეთ თავი, ჩემს სახლში არ გნახოთ მოსულებიო. გივი მენაბდემ ეს წერილი მოიტანა სწორედ იმის გამო, რომ ჩემი შვილი გაეფრთხილებინა. ეჭვი მაქვს საჯავახოს ბიჭებზე. მჯერა, რომ ჩემს შვილს წერილი დააწერინეს და ხეზე ჩამოკიდეს. საჯავახოს ბიჭებზე მაქვს ეჭვები, რომლებიც იმავე წუთში გაჩნდნენ შემთხვევის ადგილზე. მაგალითად, განსაკუთრებით აქტიურობს ოლეგი თავაძე, რომელიც ყველგან ავრცელებს ხმებს, რომ ჩემს შვილს თავი პოლიციელმა მოაკვლევინა, როცა პირიქით, ეს პოლიციელი, გოდერძი თევზაძე ყველანაირად გვეხმარებოდა და მე თვითონ მაქვს ნათქვამი მისთვის, რომ დემურის ყურადღება მიაქციე-თქო.“- აცხადება დემურ სტურუას დედა.

ნონა ჯოჯუას განმარტებით მის მულს, რომელიც ამ საქმის გამოძიების დროს განსაკუთრებით აქტიურობდა, პოლიციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და სწორედ ამიტომ ადანაშაულებს გოდერძი თევზაძეს დემურ სტურუას მკვლელობაში:

„მათ პირადი შურისძიება ამოძრავებთ და არა რეალური დამნაშავის დასჯის სურვილი. დარეჯან ჯაში ორჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობაზე და რახან „ნასროკალია“, პოლიციელებს საერთოდ ვერ იტანს. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ დემურის სიკვდილი პოლიციელს უკავშირდება. იმის იქით გახედვა არ სურს. ჩემმა შვილმა გოდერძის თვითონ დაურეკა და უთხრა, – გოდერძი ბიძია, პრობლემა მაქვს და დამეხმარეო. მართლაც შეხვდა გოდერძის. ეს გაიგეს ამ საჯავახოს ბიჭებმა, რომლებმაც იფიქრეს, რომ ჩაგვიშვა და ჩვენს დაჭერას აპირებენო. ამიტომაც დემურის ჯერ ძალით დააწერინეს წერილი, თითქოს გოდერძი თევზაძის გამო იკლავდა თავს და მერე ხეზე ჩამოკიდეს. მანამდე გივი მენაბდე ცდილობდა დემურის გაფრთხილებას და შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ დემური არც მას ენდო და მის მიერ დატოვებულ წერილზე მიუწერებია თავის ნომერი, – თუ საქმე გაქვთ აქეთ დამირეკეთო და იქვე ჭიშკარში დაუტოვებია წერილი.“- აცხადებს ჯოჯუა.

აგვისტოს დასაწყისში სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში მან სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. გოდერძი თევზაძე პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა, თუმცა ბრალს არ აღიარებს. საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

წყარო „პრაიმტაიმი“

 

იტვირთბა....