“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ:
“ამ წუთას თავდასხმა მოხდა გელა ხვედელიძეზე.”-წერს კილაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძე ამ ეტაპზე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს პრეს-სამსახურში ხვედელიძეზე თავდასხმის ინფორმაცია “მეტრონომს” დაუდასტურეს. საქმე 117-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ საუბრობს ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც მომხდარს სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სახელს უკავშირებს:
“ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა არანაირი ყაჩაღობის მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე და გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი და საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის ე.წ. ბიოს “დაკრიშვას” გოგაშვილის მხრიდან. ფაქტებს და მასალებს, რომელიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო, გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ ის ჩიხში მოქცეული, როცა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერის მიუხედავად ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ ეს გამოუსწორებელი შეცდომა მაინცდამაინც გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა ამას ვერ ვივარაუდებდი, უფრო სიფრთხილის ობიექტი ვიყავი მე. 2 ნიღბიანი პირი დაესხა მას სახლთან , უკნიდან მოხდა ეს თავდასხმა, საცხვრებელი სახლი აქვეა თარხნიშვილის ქუჩაზე, მანქანა დაქოქა და მიდიოდა სიგარეტის საყიდლად, ტელეფონით მესაუბრებოდა მე” -აცხადებს კილაძე.