ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის არმიის ცალკეული ნაწილები უკვე ოფიციალურად გაერთიანდა რუსულ არმიასთან. სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გუშინ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოაწერა. პირველ ეტაპზე რუსულ არმიაში სამსახურს ოკუპირებული რეგიონიდან 150 სამხედრო შეუდგება.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი მზადაა, ყველა, ვისაც ოკუპირებულ რეგიონში რუსული პასპორტი აქვს, საკუთარ არმიაში მიიღოს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჯარების გაერთიანების შესახებ სპეციალური ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი 15 მუხლისგან შედგება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ასევე რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას. ასევე , სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფებისა და უსაფრთხოების ორგანოების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას.