პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს და მათი ანგარიშვალდებულება გაიზარდოს.
„აუცილებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღონ მკაფიო გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.
2015 წლის მსგავსად 2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები სჭარბობდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, ისიც რომ გასულ წელთან შედარებით, 1/3-ით შემცირდა შემთხვევები, როდესაც შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
თუმცა, სამწუხაროდ, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა.
შესაბამისად, 2013-2015 წლების მსგავსად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ და პენიტენციურ სისტემაში სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. უჩა ნანუაშვილმა მედიას გააცნო საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს.