“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან
ავტორი: ნინო ცხადაია
ზემო ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობის საზარელი საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი ხაბელაშვილია. მისი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
წინა სხდომაზე, რომელსაც სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ ის მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმე, ოთარ მამფორიას ძმა, გელა მამფორია დაიკითხა. მისი თქმით, ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს იცნობს ბავშვობიდან და მეგობრობს. მისივე თქმით, ის და გიორგი ხაბელაშვილი რამდენიმე წლის წინ, ერთად დაიჭირეს ქურდობის ბრალდებით. როგორც მამფორიამ მოყვა, ხაბელაშვილი იყო არასრულწლოვანი და ის პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, მან კი 5 წელი მოიხადა სასჯელი. გელა მამფორიამ პროცესზე განაცხადა, რომ როცა ციხიდან გამოვიდა, ოთარ მამფორიას ჯერ პირველი ცოლი ჰყავდა. ხოლო, შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა, თავის ოჯახთან ერთად მასთან გადავიდა საცხოვრებლად. წელიწად ნახევრის შემდეგ, როცა ოთარ მამფორიამ ცოლად ნონა რომანაძე მოიყვანა, თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. რაც შეეხება გიორგი ხაბელაშვილს, მისი თქმით, ის ოთარ მამფორიაზე ამბობდა, რომ ”კრიჟანია”, რადგან ფულს სთხოვდა და ის კი არ აძლევდა.
”ნონას და მარიამის მკვლელობის შემდეგ ყოველ მეორე დღეს ხაბელაშვილი ჩამოდიოდა ჩემთან და მერე მეუბნებოდა, წამოდი სათამაშოდ კაზინოშიო. იყო შემთხვევა, რომ დედამისი როცა უგზავნიდა ფულს, კაზინოში აგებდა. დედამისი ყოველ მეორე კვირას უგზავნიდა 250 დოლარს”- აღნიშნა ოთარ მამფორიას ძმამ. მისი თქმით, მის ძმას რომ ფული ჰქონდა იცოდა მხოლოდ მან, ხაბელაშვილმა, ოთარის ყოფილი ცოლის ძმება ჩიჩუებმა და იუზა მამფორიამ.
”მე არ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ხაბელაშვილმა თვითონ იცოდა, რომ ოთარი სახლში ფულს ინახავდა, რადგან ჩვენთან ახლოს იყო, ყველაფერი ესმოდა”-აღნიშნა მოწმემ.
მისი თქმით, გადმოცემით იცის, რომ ხაბელაშვილი ოთარ მამფორიას დაბადების დღეზე იყო.
”კამათი მოგვივიდა მაგის მერე. ვუთხარი, რომ მე არ ავდივარ ოთარისთან და შენ რატომ ახვედი-მეთქი”- აღნიშნა გელა მამფორიამ. მისი თქმით, იმის გამო, რომ მისმა ძმამ ოთარ მამფორიამ მას ფული არ ასესხა, გაბრაზდა და ამ ინციდენტის შემდეგ მასთან აღარ მისულა.
”ხაბელაშვილი მკვლელობის დღეს ნასვამი იყო, თქვა დილიდან ვსვამდით ბიჭებიო. შემდეგ გამოვედით, ვილაპარაკეთ, – ვუთხარი, როგორი ამბავი მოხდა-მეთქი. ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და თუ ფული გაქვს, ერთი ჭიქა დავლიოთ-მეთქი. ლუდი დავლიეთ, მაღაზიაში, ზევით, არაყიც. შემდეგ ჩამოვედით, ვილაპარაკეთ თემაზე თუ ვინ გააკეთებდა ამას. მახსოვს, რომ შემთხვევის დღეს, როცა სამართალდამცველები იყვნენ მოსული ოთარის კორპუსთან, ხაბელაშვილმა დაუყვირა პოლიციელებს, ბავშვი(ოთარ მამფოარიას უფროსი ბიჭი) სად მიგყავთო, მაგას ფსიქოლიგი სჭირდებაო. მაგ დღეს ხაბელაშვილს თეთრი ჯინსი ეცვა. ამბობდა სველი მაქვს შარვალიო და ჯემპრს ქვევით იწევდა”- აღნიშნა გელა მამფორიამ. მისი თქმით, ხაბელაშვილი გასვენების დღის მერე დიდხანს არ უნახავს.
”გასვენებაში წამოსვლა არ უნდოდა. რომ მოვიდა გასვენებაში, ერთად წავედით მანქანით. ეზოში არ შემოსულა, ეძინა მანქანაში. გზაში შარვალი იყიდა ჯინსის. მე ფეხსაცმელი ვიყიდე. ახალი შარვალი ჩაიცვა, ძველზე თქვა, რომ ლაქიანი იყო და მაგით ვერ წამოვიდოდა”-აღნიშნა გელა მამფორიამ.
მისი თქმით, ხაბელაშვილის ძველი შარვალი თვითონ ჩაიცვა სამსახურში. ასევე მოწმემ განაცხადა, რომ ხაბელაშვილი ყიდიდა საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექნიკას, ამბობდა, რომ თურქეთში უნდა წასულიყო. მან ეს ნივთები იაფად მიჰყიდა გელა მამფორიას. როგორც მოწმემ განაცხადა, ეს ყველაფერი მკვლელობის შემდეგ, აპრილის თვეში მოხდა. მოწმე იხსენებს, რომ მაისის თვეში ხაბელაშვილთან მოუვიდა შეკამათება და ისეთი კარგი ურთიერთობა აღარ ჰქონდა.
რაც შეეხება ზაზა ლურსმანაშვილს, ბრალდებულის მეგობარს, გელა მამფორიას ვარაუდით, ბრალდებულმა ის ციხიდან გაიცნო.
”ლურსნაშვილმა მითხრა, რომ ეს მკვლელობა გიორგის ჩადენილი იქნებაო. მისთვის გიორგის უთქვამს, რომ არის ზემო ფონიჭალაში ეგეთი ოჯახი, მეოთხე სართულზე, სადაც არის ბავშვი, სკოლაში დადის, არის ქალი და პატარა ბავშვიც, სახლში 5000 დოლარიაო. მე მიცნობენ, როგორი ნიღაბიც არ უნდა გავიკეთოო. მე არ დავიჯერე, ხაბელაშვილს დავურეკე, ჩამოვიდა, მაშინ პირისპირ შეხვდნენ ლურსმანაშვილი და ხაბელაშვილი. ლურსმანაშვილმა უარყო ყველაფერი, მე არ მითქვამსო. ამის მერე მათ ჩხუბი მოუვიდათ და ხაბელაშვილმა ლურსმანაშვილი სცემა”- აღნიშნა მამფორიამ.
მისი თქმით, ამის შემდეგ ლურსმანაშვილი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში ამბობდა, რომ ხაბელაშვილის გაკეთებულია ეს ყველაფერი. ხოლო როცა ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არ ამბობდა, რადგან როგორც მამფორია ამბობს, მას ხაბელაშვილის ეშინოდა.
”მე არ მჯეროდა, რომ გიორგი ასეთ რაღაცას გააკეთებდა. არ მჯეროდა, რომ მის ძმაკაცს ასეთ რამეს გაუკეთებდა. გიორგიმ ციხიდან დამირეკა. მკითხა, მჯეროდა თუ არა ის რომ მან ეს გაააკეთა. მისმა შეყვარებულმა მითხრა მანამდე, რომ მკვლელობის დილას გიორგი სახლიდან გასული იყო. მე რომ დამირეკა ხაბელაშვილმა ციხიდან, ვკითხე სად იყავი გასული-მეთქი და არ მიპასუხა. მითხრა მაგას სასამართლოზე გაიგებო. მთხოვა გუჯა ჩაჩუას ნომერი, თავიდან მივეცი. მერე გუჯამ მეჩხუბა, რატომ მიეცი ჩემი ნომერიო”- აღნიშნა გელა მამფორიამ.
ბრალდებულმაც დაუსვა კითხვა მოწმე გელა მამფორიას: ”თუ ზაზა ლურსმანაშვილმა მათ უთხრა, რომ ოთარ მამფორიას სახლში მე მკვლელობა ჩავიდინე და ზაზა მე მომყვებოდა, რომ მისი ოჯახი გამეძარცვა, ახლა როგორ დადის ცოცხალი?”
მოწმემ უპასუხა, რომ ზაზა ლურსმანაშვილმა მაშინ ხაბელაშვილის თანდასწრებით თქვა, რომ ნონა რომანაძის და მისი შვილის მკვლელი უნდა მოეწამლა. ამის შემდეგ კი ლურსმანაშვილი მის მიწოდებულ არაყს აღარ სვამდა.
ხაბელაშვილმა მას ჰკითხა: ”ასე უჭკუოს მიცნობ, რომ ის დანა, რომლითაც მოვკლავდი მათ და გავრეცხავდი, იქ დავტოვებდი, იმ შარვალს ჩავიცვამდი ლაქიანს, მივიდოდი ნაცნობ ოჯახში უნიღბოდ, ხელცარიელი თუ მკვლელობა მქონდა გადაწყვეტილი?
გელა მამფორიამ კი უპასუხა, რომ სწორედ იმიტომ, რომ ის უჭკუო არ იყო, მკვლელობა ჩაიდინა.
ნაფიცმა მსაჯულებმაც დაუსვეს მოწმე გელა მამფორიას შეკითხვები. მათ შორის, ისინი დაინტერესდნენ, მარტო მოქმედებდა თუ არა ბრალდებული. მოწმე ფიქრობს, რომ ხაბელაშვილის დანაშაულის ჩადენისას მარტო მოქმედებდა.
სასამართლო პროცესი დღეს ერთი მომწის დაკითხვით დასრულდა. მორიგი პროცესი ორშაბათს, 3 აპრილს გაიმართება.