პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ, ეკა ხოფერიას თოქ-შოუს აფასებს, სადაც სტუმრად მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იყო მიწვეული.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სირცხვილია აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გაშვება.
„იმედს“ მმართველობა არ ჰყავს, არც საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახური თუ „რუსთავი 2“-ის მსგავსად მხოლოდ სკანდალური თემებით აპირებს რეიტინგის ამაღლებას? სირცხვილია ეს სიუჟეტი დიდი მარხვის პერიოდში, სირცხვილია.
ეს ადამიანი ჭყონდიდის ეპარქიას კურირებს, სირცხვილია თეთრი კარეტა და რაც მთავარია შეურაცხმყოფელია საზოგადოების დიდი ნაწილისთის“- წერს ზურაბიშვილი.
ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებით, ახალაიების ოჯახს ქვეყანა უყვარდა და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ საქართველოში რეფორმების გასატარებლად.
მან ისიც განაცხადა, რომ როდესაც , 2011 წელს პარლამენტმა რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა, რასაც მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა, მაშინ პატრიარქის გარემოცვამ და შორენა თეთრუაშვილმა ხელოვნურად შექმნეს სკანდალი, რომ ეს კანონი დამანგრეველი იქნებოდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში მასთან როლანდ ახალაია მივიდა.
„ჩემთან ჩამოვიდა როლანდ ახალაია. ვერ გავარკვიე, რა ხდება, ფაქტია, დაძაბულობააო. ტაძრის წინ ვიდექით, თვალცრემლიანმა პირჯვარი გადაიწერა და მითხრა: ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქმე გართულდეს და პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მოხდეს. მე და ორივე ჩემი შვილი პატრიარქის მხარეს ვდგავართ. ეს გადაეცით მის უწმინდესობასო. ამას რა დამავიწყებს?” – აღნიშნა მიტროპოლიტმა.