ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევა: მიკროავტობუსების მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, კვეთს ღერძულა ხაზს

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მკვლევარმა გიორგი ბაბუნაშვილმა საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ კვლევა წარადგინა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2 კვირიანი ინტენსიური დაკვირვების შედეგად, აღმოჩენილია შემდეგი:
მიკროავტობუსების მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, კვეთს ღერძულა ხაზს, აკეთებს აგრესიულ მანევრირებას და ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევების დროს.

კვლევის ავტორი ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციით მიმართავს.

„საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანისას მძღოლები სულ მინიმუმ ერთხელ მაინც არღვევენ მოძრაობის წესებს. ასევე, მიკროავტობუსებში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არსებობს, მათ შორის მიკროავტობუსებში ხშირად ვხვდებით ე.წ. ჩადგმულ სკამებს, რომელზე მსხდომი მგზავრებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. განსაკუთრებით მოკლე მანძილებზე ხშირია ფეხზე მდგომი მგზავრები და ე.წ. ჩადგმული სკამები, შორ დისტანციებზე – თბილისი-ბათუმი, თბილისი- ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით კი ამ მხრივ შედარებით ნორმალური მდგომარეობაა.

დავაკვირდით თბილისიდან გამავალ და თბილისში შემომავალ მიკროავტობუსებს ყველა რეგიონის მიმართულებით. ავტოსადგურების განლაგება ასევე, ცაკლე პრობლემას წარმოადგენს. მათი მდებარეობა ხელს უწყობს თბილისის გადატვირთულობას და ქმნის დამატებით საფრთხეებს უსაფრთხოების მხრივ.

თბილისში დაახლოებით 23 ავტოსადგურია და მათგან მხოლოდ რამდენიმეზეა სათანადო აღჭურვილობა. სადგურების უდიდესი უმრალესობა არ გააჩნია მოსაცდელი დარბაზები და სამედიცინო აღჭურვილობა.

გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსადგური. ჩვენი რეკომენდაციაა, ავტოსადგურები განთავსებული იყოს დედაქალაქის გასასვლელებში დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით“, – აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

კვლევა „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ მომზადდა CRRC საქართველოსა და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია USAID.

იტვირთბა....