ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით თავდასხმისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით თავდასხმისთვის ბრალდებული დიმიტრი გოლავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დიმიტრი გოლავა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად თავს დაესხა სს „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრს და მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა სს „საქართველოს ბანკის” კუთვნილი 2560 ლარი, 5478 აშშ დოლარი, 1530 ევრო, 510 ევროდ ღირებული ე.წ. ,,ცხელი ფულის” შეკვრა და დაცვის თანამშრომლის კუთვნილი „ZORAKI”-ს მოდელის აირის პისტოლეტი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დიმიტრი გოლავა 2016 წლის 25 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიმიტრი გოლავა სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....