ახალი ამბები მთავარი სამართალი

მძღოლს, რომელმაც ორი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობასა და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის  წესების დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გოგიტა ჩქოფოია დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია,  2016 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე, სოფელ ოკამთან  მოძრაობისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გოგიტა ჩქოფოიამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რის შედეგადაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან  და  ბეტონის ზღუდეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ავტომანქანაში  მყოფი ორი მგზავრი ადგილზე  გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე  ხარისხის დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა გოგიტა ჩქოფოია სასამართლო განჩინების საფუძველზე 20 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა)  და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის  წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.  ბრალდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და  ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას. იგი განმარტავდა, რომ  საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას  ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ გოგიტა ჩქოფოია სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად  14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

იტვირთბა....