ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მინდა რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს“

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხზე პროცესი 17.00 საათზე დაიწყო, განაცხადა, რომ სურს მისი სასამართლო ღია და საჯარო იყოს.
„მინდა რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს“, – განაცხადა მამალაძემ.
მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხზე პროცესი ნაწილობრივ დაიხურა.

მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს პროცესის დახურვის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებით, დღვანდელ სხდომაზე საიდუმლო მასალები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა დაიხურა შუამდგომლობების წარდგენის ნაწილში.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდების მხარემ განმარტა, რომ პროკურატურა დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ და მოითხოვენ ან უფრო მსუბუქი აღკვეთი – გირაო იყოს გამოყენებული, ან დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადება მოითხოვა.

პროკურატურის ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და პროცესი 5 მაისამდე გადადო.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....