ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების მცირე ქრონოლოგია საქართველოში
ავტორი: მანა ნოდია
„მეტრონომი“ საცხოვრებელ შენობებში განთავსებული ლიფტების სპეციალისტებს ესაუბრა. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. „კატასტროფა“ – არც ამ სიტყვას ერიდებიან სპეციალისტები „მეტრონომთან“ ლიფტების დღევანდელი მდგომარეობის აღწერის დროს. მაშინ, როცა წესით, ლიფტები პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს მომავალში კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით, ლიფტების მიმართ ყურადღება მახვილდება მაშინ, როცა ამხანაგობა შეამჩნევს, გაფუჭებულია თუ არა მექანიზმი. არადა, თბილისში არის ლიფტები, რომელიც უკვე 47 წელია არსებობს და ისევ ექსპლუატაციაშია. საგანგაშო მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, რადგან არ არსებობს სპეციალური უწყება, რომელიც ამხანაგობების ჩარევის გარეშე იზრუნებდა პრობლემაზე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სამწუხაროდ, 2 უბედური შემთხვევა ამ წელს უკვე მოხდა და იმედს ვიტოვებთ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და მიიღებენ პრევენციულ ზომებს მომავალში, მსგავსი უბედურებების თავიდან ასაცილებლად:
2017 წელი- საბურთალოზე 9 წლის გოგონა ლიფტის შახტაში ჩავარდა და დაიღუპა.
ბათუმში, ხელოსანი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მექანიკოსი ლიფტის შეკეთებას ცდილობდა. დაშავებული ხელოსანი საავამყოფოშია გადაყვანილი.
2016 წელი – ქუთაისში, მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების განცხადებით, „ლიფტის კარის გაღებისას ლიფტი სხვა სართულზე იყო, მამაკაცი კი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა”. გვამის შახტიდან ამოყვანის დროს სამაშველო სამსახურის თანამშრომელიც მსუბუქად დაშავდა.
2015 წელი – ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი ლიფტში ჩავარდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათ ლიფტის შესაკეთებლად ხელოსანი არაერთხელ მიიყვანეს, თუმცა ლიფტის შეკეთება მაინც ვერ მოხერხდა.
ეს არის მცირე ნაწილი იმ გახმაურებული შემთხვევებისა, რომელიც საქართველოში ლიფტების გაუმართაობას მოჰყვა.
რა ხდება ამ მხრივ ქვეყანაში, ვინ უწევს მონიტორინგს ერთ-ერთი საჭირო, მაგრამ ამავდროულად სახიფათო ტრანსპორტის გამართულ მუშაობას?
როგორც „მეტრონომს“ ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, მის კორპუსში წყობიდან აშკარად გამოსულ ლიფტს გაურკვეველი პროფესიის პირი მეთვალყურეობს, რომლის ერთადერთი ფუნქციაა თვიდან თვემდე ლიფტთან დაკავშირებული გადასახადი შეაგროვოს მაცხოვრებლებში, ხოლო ლიფტის მდგომარეობა ამით აშკარად არ უმჯობესდება.
„მეტრონომი“ შეეცადა დეტალურად გამოეკვლია, დედაქალაქში ვინ კურირებს ლიფტებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ლოგიკურად, თბილისის მერიას დავუკავშირდით, თუმცა მერიის პრესსამსახურმმა გვიპასუხა, რომ ეს მათ პრეროგატივაში არ შედის და თემაზე, კონკრეტული პასუხების მისაღებად, ცალკეულ გამგეობებს უნდა დავუკავშირდეთ. შესაბამისად, თბილისის მერიას არ აქვს ოფიციალური სამსახური, რომელიც ამ საკითხზე იღებს სრულ ინფორმაციას ქალაქში არსებული ლიფტების მდგომარეობაზე და დამოკიდებულია სხვადასხვა გამგეობის მიერ ჩატარებულ მონიტორინგზე.
შევეცადეთ რამდენიმე გამგეობას მაინც დავკავშირვებოდით, თუმცა ორი რაიონის გამგეობის პასუხიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სიტუაციაში გასარკვევად. როგორც ისნის გამგეობის თანადაფინანსების პროექტების განყოფილების უფროსმა, დავით მელიქიძემ გვიპასუხა, ამხანაგობების მიერ გამგეობაში დროდადრო შედის ლიფტების შეკეთებასთან დაკავშირებული განცხადებები, რის შემდეგაც მერიის მუნიციპალური ლაბორატორია ამოწმებს მათ. საბოლოო ჯამში, ლიფტების მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეამჩნევს ამხანაგობა, გაფუჭებულია თუ არა მექანიზმი.
დავით მელიქიძე: „ქალაქის მერიის მინიციპალური ლაბორატორია ამოწმებს ლიფტების მდგომარეობას. ჩვენთან, ამხანაგობის თავმჯდომარეებისგან შემოდის განცხადება, რომ ლიფტი გასაკეთებელია, ან სარემონტო, შემდეგ ამას განვიხილავთ, ვაგზავნით ლაბორატორიაში, დგება ხარჯთაღრიცხვა, შემდეგ ამას უკან გვიგზავნიან, შემსრულებელი აკეთებს ამ ლიფტებს, შემდეგ კი ამ ლიფტის მდგომარეობას ისევ ამოწმებს ლაბორატორიის სამსახური.
„მეტრონომი“: ანუ, ლიფტის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეამჩნევს ამხანაგობა, გაფუჭებულია თუ არა ის?
– დიახ. მერე ჩვენ განვიხილავთ ამას და ვიზუალურად ვათვალირებეთ ამ ლიფტს.
– ლიფტებთან დაკავშირებული ავარიული შემთხვევების სტატისტიკა თუ გაქვთ?
– ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა ჯერ. თუ მოხდება, ეს სტატისტიკაც იქნება.
– როგორ მდგომარეობაშია თქვენი გამგეობის ზონაში არსებული ლიფტები?
– ვაახლებთ მათ. ყიდულობენ ნაწილებს, ტროსებს, რაც სჭირდება… ბევრი ლიფტი კეთდება. პრორიტეტებში გვაქვს ეს საკითხი.
ისნის გამგეობის მსგავსად, მთაწმინდის გამგეობაშიც გვიპასუხეს, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან შედის განცხადება, რის შემდეგაც მოწმდება ლიფტები.
მთაწმინდის გამგეობის თანადაფინანსების განყოფილებების პროექტების მთავარი სპეციალისტი, ეკა რამიშვილი: „ყოველ თვეში, როცა ხდება განაცხადების მიღება, შემოდის თავმჯდომარეებისგან მოთხოვნა ლიფტების შეკეთების თაობაზე. თვითონვე ჰყავთ კომპანიები. იმათ შემოაქვთ ხარჯთაღრიცხვები და წინასწარ, შემდგომ და მიმდინარე სამუშაოებს ამოწმებს ლაბორატორია. შემიძლია გითხრათ, თვეში რამდენი ლიფტი კეთდება: 2016 წელს მთაწმინდის გამგეობაში შეკეთდა 25 ლიფტი.
– სულ რამდენი ლიფტია გამგეობაში, თუ გაქვთ ინფორმაცია?
– ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, თუ არსებობს რამე სხვა ორგანიზაცია, ვისაც აქვს ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით.
ქალაქის მერიის მინიციპალური ლაბორატორიაში, რომელსაც გამგეობები ასახელებენ, როგორც ლიფტების შეკეთების შემმოწმებელ ორგანიზაციას, განგვიცხადეს, რომ თემაზე „კომპეტენტური პირისგან პასუხის მისაღებად“ დაგვეტოვებინა ნომერი და თავად დაგვიკავშირდებოდნენ. რედაქცია კვლავ ელის კომპეტენტური პირისგან ზარს.
საჯარო სამსახურისგან განსხვავებით, რომელსაც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის თუ კომფროტული არა, უსაფრთხო გარემოს შექმნა მაინც ევალება, ლიფტების კერძო კომპანიაში, „ევროლიფტი“, სულაც არ ფიქრობენ, რომ ყველა ლიფტი თანასწორია და მათ მხოლოდ შეკეთება სჭირდებათ.
თეონა რომაშვილი, „ევროლიფტი“: „ახალი კომპანია ვართ და დაახლოებით 60-70 ერთეულ ლიფტს ვემსახურებით ყოველთვიურად. ძველი, რუსული ლიფტები არ აგვიღია, არ გვიღირს, რადგან პრობლემატურია და პრობლემები არ გვჭირდება.
„მეტრონომი“: რა სახის პრობლემებს გულისხმობთ?
– ძველია და დემონტაჟს საჭიროებს.
– რადგან დემონტაჟს საჭიროებს, შესაბამისად, საფრთხეც არსებობს?
– რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხალხს, ეძვირებათ ახალი ლიფტების შეძენა.
– რა ჯდება ახალი ლიფტის დამონტაჟება?
– სართულებს გააჩნია. 5 სართულზე – 15 000 დოლარი ჯდება.
შპს „ჯალამბარის“ ხელმძღვანელი გივი გუდაძე კი „მეტრონომთან“ პირდაპირ აცხადებს, რომ თბილისში ლიფტების მდგომარეობა საგანგაშოა.
გივი გუდაძე: „ლიფტებში გამოცდილება მაქვს 1964 წლიდან. ამ სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიყავი. თბილისში ლიფტების მდგომარეობა საგანგაშოა. თითოეულ ლიფტს სჭირდება შეკეთება. ამას მაცხოვრებელი ვერ აკეთებს, რადგან მათთვის ხელმიუწვდომელია და არც იციან, რომ შესაკეთებელია. მე პირადად ამ საქმიანობას გავანებე თავი, რადგან პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვეღარ ვიღებ, ჩემი წლოვანებიდან გამომდინარე – 85 წლის გახლავართ. წელიწადნახევრის წინ დავანებე თავი მუშაობას.
– რა მდგომარეობაში დატოვეთ ლიფტები?
– კატასტროფულ მდგომარეობაში. ეს სფერო უპატრონოდ არის. არის შემთხვევები, როცა ჰგონიათ, რომ ლიფტის შეკეთება შეუძლიათ, რადგან ელექტრობაში ერკვევიან, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ლიფტი ძალიან რთული მექანიზმია. ზოგს სიჩქარის შემზღუდველი ტროსიც კი არ აქვს. ადრე, ყოველ წელიწადში ერთხელ შემოწმება ტარდებოდა. დღეს ასე აღარ ხდება. მერიამ ბევრი ლიფტი გააკეთებინა, მაგრამ საერთო ამბავი ასეთია: ყველა ლიფტს მეპატრონე უნდა ჰყავდეს, ლიფტიორი, რომელმაც უნდა მოუაროს ლიფტს.
– რამდენი წლის ლიფტებია თბილისში?
– როცა ლიფტების მეურენობაში მუშაობა დავიწყე, მაშინ გამოიცა წიგნი, თუ რამდენი ხანი უნდა იმუშაოს ლიფტმა. იქ ეწერა, რომ წელიწადში ერთხელ აუცილებელია ლიფტების დათვალიერება. ეს უნდა დაამოწმოს ინსპექტორმა და პირველ სართულზე, ლიფტთან გამოკრული უნდა იყოს აბრა, თუ რა არის ბოლო პერიოდი, სადამდეც შეიძლება ლიფტი ექსპლუატაციაში იყოს. ლიფტის ხანგრძლივობა ტექნიკური მონაცემებით 15 წელია, მაგრამ მუშაობს 20 წლამდე. ჩემთან არის ლიფტი, რომელიც უკვე 47 წლისაა.
– რა არის საჭირო ამ სფეროს გამართულად მუშაობისთვის?
– უნდა იყოს ოფიციალური სამმართველო, სადაც გაერთიანებული იქნება ყველაფერი, რაც ლიფტებს ეხება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამას. ეს მოსაგვარებელი პრობლემაა და სახელმწიფოს მხრიდან დიდი თანხები უნდა ჩაიდოს. ახლა კონტროლის გარეშე, პარტიზანულად ხდება ლიფტებზე ყურადღების მიქცევა, ეს კი სწორი არ არის.
„მეტრონომი“ იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი უწყებები ყურადღებას მიაქცევენ ამ აშკარად მზარდ პრობლემას და ქალაქში, სადაც თითქმის ყველაფერი მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს (საავტომობილო გზები-საზარელი ავარიებით; მშენებლობები და მას შეწირული მუშები და სხვა), ახალ საფრთხეს, ლიფტებსაც აღარ დაუმატებენ.