ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

რაიმონდს ვეიონისი საქართველოში, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით, მეუღლესთან ივეტა ვეიონისთან ერთად ჩამოვიდა. მას მასპინძლობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაუწევენ.
ლატვიის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და განაცხადა, რომ ვიზიტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
“ძალიან მნიშვნელოვანია ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლატვია ყოველთვის იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი.
ლატვია საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ფორუმზე. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებებით.
შესაბამისად, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ამ ვიზიტის ფარგლებში გააფორმებს მემორანდუმებს როგორც საზღვრის დაცვის სფეროში, ასევე საინვესტიციო კუთხით. ორი ქვეყნის პრეზიდენტი ყვარელში გახსნიან მსხვილ საინვესტიციო პროექტსაც. მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.
რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამუშაო სადილს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
28 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, 29 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.

იტვირთბა....