საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა. თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია დაზარებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში გადაადგილება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით, „მეტრონომი“ დარგის სპეციალისტებს ესაუბრა. მათი განცხადებით, თბილისის რამდენიემ რაიონში, არსებობს შავი წერტილები, ანუ სახიფათო ადგილები, სადაც ავტოავარიები ხშირად ხდება.
ამას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ და ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, ქალაქის იმ ქუჩებსაც წარმოგვიდგენენ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მზარდია.
სახიფათო რაიონები, სადაც სტატისტიკურად 2015-2016 წლებში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგია:
1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 127 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა.
2 – მას მოსდევს მარცხენა სანაპირო, სადაც 107 ავტოავარია მოხდა.
3 – მესამე ადგილზე დავით აღმაშენებლის ხეივანია, სადაც 98 ავტოავარია დაფიქსირდა. მარჯვენა სანაპიროზე – 87 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
4 – წერეთლის გამზირი, სადაც 83 ავარიაა აღრიცხული.
5 – მარჯვენა სანაპიროზე – 60 შემთხვევა.
6 – მარცხენა სანაპირო – 56 შემთხვევა,
7 – გორგასალის ქუჩაზე 40 ავტოვარიის ფაქტი მოხდა.
ეს ციფრები წლიდან წლამდე იზრდება
შსს-ს მონაცემებით გასულ წელს, ქვეყანაში 6 939 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული. დაღუპულია 581 ადამიანი, დაშავებულია – 9 951.
წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა, როგორც საგზაო შემთხვევების, ასევე დაშავებულთა მხრივ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 6 432 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.
ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 922-ით მეტია 2013 წელს რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1 073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.
2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა. წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 91-ით არის გაზრდილი.
გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც – 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7 734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს – 8 045, 2014 წელს – 8 536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა თბილისში. წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
რატომ არის საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზები უფრო უსაფრთხო გახდეს? – ამ კითხვას სვამს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ექსპერტებზე დაყრდნობით.
„მეტრონომთან“ საუბრისას მესხიშვილი ამ პრობლემის მთავარ მიზეზებზე საუბრობს. მისი აზრით პირველ პრობლემას ქალაქში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა წარმოადგენს.
მიზეზი 1 – გადაჭარბებული სიჩქარე
მესხიშვილის თქმით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, სიჩქარის გადამეტებაა.
რეგულაცია: მისი აზრით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას პრობლემა ჯარიმების გამკაცრებით მოეგვარებინა, 2014 წლის 1 იანვრიდან კანონმდებლობა, პირიქით, ბევრად უფრო ლოიალური გახდა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც გადაჭარებული სიჩქარით მოძრაობენ.
თუ ადრე ამ დარღვევისთვის მძღოლი 100-ლარიან ჯარიმას იხდიდა, დღეს ეს თანხა განახევრებულია. შემცირებულია ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული საურავიც (500 ლარის ნაცვლად 150). ხოლო ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება არა 2 წლით (როგორც ადრე იყო), არამედ მხოლოდ 6 თვით ჩამოერთმევა.
მესხიშვილის ინფორმაციით, ეს კიდევ ყველაფერი არ არის – თუ ფული გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად გადააჭარბოთ სიჩქარეს, რადგან ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა სულ რაღაც 500 ლარი დაგიჯდებათ.
მიზეზი 2 – არასწორი მანევრი
დავით მესხიშვილის ინფორმაციით, მეორე მთავარი მიზეზი არის, ზოლიდან ზოლში გადასვლის დროს მოხვევის მაჩვენებლის არ ჩართვა, უწყვეტ ზოლის გადაკვეთა, გასწრება იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება.
რეგულაცია: მისივე განცხადებით, ასეთი ქმედება, 50 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
მიზეზი 3 – ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა
მესხიშვილი ფიქრობს, რომ მესამე მეზეზს, ხშირად 7-დან 4 პროცენტის შემთხვევაში, ავტოავარიების მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ხდება. მისი თქმით, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ნასვამი მძღოლების მიზეზით გამოწვეულმა ავარიების რიცხვმა 262 შეადგინა.
2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა.
რეგულაცია: არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში, მძღოლს 6 თვით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა.
მიზეზი 4 – ქვეითების არასწორი ქცევა
მესხიშვილი ავტოავარიების გამომწვევ მე-4 მიზეზად ქვეითთა არასწორ მოქმედებას ასახელებს. მისი თქმით, 2015 წელს 160 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, 1998 – დაშავდა;
2014 წელს – 145 დაიღუპა, 1993 დაშავდა; 2013 წელს – 125 დაღუპული და 1687 დაშავდა, 2012 წელს -160 დაღუპული და 1509 დაშავებული. აქედან დედაქალაქში 2015 წელს, ავტოავარიით 90 ადამიანია დაღუპული, 3834 ადამიანი დაშავდა.
რეგულაცია: მოქმედი დებულებით, ქვეითის მიერ გზის გადაკვეთა აკრძალულ ადგილას 10 ლარით ისჯება. თუმცა, ნებისმიერი ქვეითი, რომელიც ამ სტატიას კითხულობს, დაგვეთანხმება, რომ ეს რეგულაცია ხშირ შემთხვევაში, არ მოქმედებს.
მიზეზი 5 – ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები
“ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ შსს-ს მონაცემებით, საქართველოს საავტომობილო პარკის 44% არის 20 წელზე მეტი ხნის. 46% მანქანებისა 11-დან 20 წლამდე მერყეობს; ერთიდან ათ წლამდე ავტომობილები მოქალაქეების მხოლოდ 10%-ს ჰყავს, აქედან მხოლოდ 3%-მდეა ახალი ავტომობილი.
რეგულაცია: საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა, შესაბამისად, კანონმდებლობით არავის ევალება იმის შემოწმება, თუ რა მდგომარეობაშია ის ავტომობილი, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს.
„საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც , ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის პირველი იანვრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე გადაიდო, რადგან ამ პროცედურებისთვის ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა.
2017 წლიდან ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის მიხედვით, თითქმის ყველა ტიპის იმპორტირებულ ავტომობილზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, გარდა ახალი ავტომობილებისა. 5 წლის ავტომობილებზე აქციზის ფასი იგივე დარჩა, 0-დან 4 წლამდე ავტომანქანებზე კი საერთოდაც გაიაფდა, რამაც ქვეყანაში ავტოპარკის განახლება უნდა წაახალისოს.
მიზეზი 6 – მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა
ურუშაძე ავტოავრიების სიხშირეს, ასევე, დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას ასახელებს. მისი თქმით, ცენტრალურ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე, არც ერთი შუქნიშანი არ დგას. გარდა იმისა, რომ შუქნიშნის არარსებობა მოუხერხებელია ფეხით მოსიარულეთათვის, რომლებსაც კილომეტრების გავლა უწევთ, ვიდრე მიწისქვეშა გადასასვლელამდე მივლენ, ეს ახალისებს მძღოლებსაც, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, სწრაფად იმოძრაონ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამზირზე.
მიზეზი 7 – „სხვა მიზეზი“
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოში ზოგადად და კონკრეტულად, თბილისშიც არის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
ავარიების გამომწვევი მიზეზი ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებაა, თუმცა თუ გადაჭარბებასთან არ გვაქვს საქმე, მითითებულია “სხვა მიზეზი”. ექსპერტების თქმით, პრობლემა ის არის, რომ ამ “სხვა მიზეზებს” არავინ სწავლობს. მათი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევები ყოველთვის მძღოლის ბრალი არაა. ავარიის მიზეზი შეიძლება იყოს გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, შუქნიშანი და ა.შ.
რეგულაცია: ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია გზების შემსწავლელი აუდიტის შექმნა, რომელიც ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დაადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მიზეზებს ვერ აღმოვფხვრით.
ელზა პაპოშვილი