ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ავტომობილი ქალს ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე დაეჯახა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ადგილზე მისულ მედიკოსებს 28 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობით, მათ შორის ქალა ფუძის მოტეხილობით დახვდა. დაშავებულს ადგილზე პირველი დახმარება გაეწია. ახალგაზრდა ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რაც შეეხება მძღოლს, ის არ მიმალულა, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

იტვირთბა....