საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ TV პირველის ეთერში სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა. მან მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუფციაში დაადანაშაულა. უფრო მეტიც, ის მოსამართლეს სასამართლოში უჩივის და მის გადაყენებას მოითხოვს.
„ძირითადი პრობლემა არის გამრუდებული ე.წ. სასამართლო სისტემა. უფრო მეტ კორუფციულ საქმეებს ვაწყდებით. მოსამართლეები თავს ხელშეუხებლად გრძნობენ ერთი მხარის საწინააღმდეგოდ მეორისთვის უპირატესობის მისანიჭებლად. ბიზნეს-კლიმატისთვის ეს უარყოფითად მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს მსგავსი პრაქტიკა. მე ვიცნობ ძალიან ბევრ პატიოსან მოსამართლეს, თუმცა მათ სახელსაც ჩირქი მოეცხო, იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
მისი თქმით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია, რომელიც დანაშაულებრივი გზით ფულს სძალავს კომპანიებს.
„პირველ რიგში ჩვენ პრაქტიკული მაგალითები გაგვაჩნია. ჩვენი წევრი სამი კომპანია: Philip Morris International, Tera Bank და British American Tobacco, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ იყვნენ მოტყუებულნი. მაშინ, როცა მან გადაწყვეტილება გამოიტანა, ყველა ვინც გაეცნო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თვალებს არ უჯერებდა. ის აშკარად კორუმპირებული მოსამართლეა. პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით ეს არის ბალანსის მიღწევა. არა იმ მეთოდებით, რომ პარლამენტი და მთავრობა ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში. მეორე თემაა, როგორ გავაკონტროლოთ ეს კორუმპირებული მოსამართლეები. იმიტომ, რომ უფლება არ აქვს პარლამენტს და მთავრობას რომ ჩაერიონ და სწორიცაა. ზოგიერთი მოსამართლე თვლის თავს ხელშეუხებლად. ერთადერთი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იღებს მკაცრ გადაწყვეტილებებს ასეთი პრაქტიკის შესაჩერებად. დღეს ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე კაკაბაძის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ და ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ იმუშავებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ პიროვნების გადაყენება. მთავარია დავინახოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს მხარს უჭერს, თუ ხელს აფარებს კორუმპირებულებს. ეს არის ტესტი ამ ორგანოსთვის”- განაცხადა ფადი ასლიმ.
მისი თქმით, მას არ შერცხვება ხელი დაადოს ამ მოსამართლეს და თქვას, რომ ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა. „მიჩივლოს თუ უნდა“ – ამბობს ფადი ასლი.
„დაშინებულები არიან ეს ბიზნესები. არის ასეთი კრიმინალური გონება, კრიმინალური პირი, ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ავალებს დამნაშავეს კომპანიის ფული ჩაიგდოს ხელში დანაშაულებრივი გზით. მის გარდა არის სხვა მოსამართლე, რომელიც პარავს ფულს კომპანიას და კომპანია არის მსხვერპლი. რეალურად, ვიღებთ იმას, რომ კომპანიის ფულს იჯიბავენ და განიხილავენ შემდეგ – რამდენს გადაგვიხდით, რომ მოხსნან ყადაღაო. ამას სჭირდება გამოძიება. ძირითადი პრობლემაა, რომ კომპანიებს ეშინიათ ხმის ამოღების. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თუ არ გადადგა ნაბიჯი ასეთი მოსამართლეების მიმართ, ერთი დამპალი ვაშლი ყველაფერს გააფუჭებს. ეს პროცესი უნდა შევწყვიტოთ, თუ ყველა ხმას ამოვიღებთ. ჩვენ აქაც და საერთაშორისო დონეზე სერიოზულ ხმაურს ავტეხავთ“ – ამბობს ფადი ასლი.
მეორე მხარის კომენტარისთვის, „მეტრონომმა“ წერილი მისწერა საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურს, სადაც ფადი ასლის მიერ ნახსენები მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე მუშაობს და პასუხის მიღების შემდეგ, მკითხველს მივაწვდით ინფორმაციას.