“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიის მფლობელების, ძმები ყარამანაშვილების შემოთავაზებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს:
“ერთადერთ და უკანასკნელ განცხადებას გავაკეთებ ამ თემაზე:
რ2ისთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო. მეც და გუნდმაც.
ვინმესთვის რაიმეს ახევა მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა და ვერც შემეწინააღმდეგებოდა.
ივანიშვილთან თანამშრომლობა მდომოდა, ისე ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10 მილიონიან “სტავკას” და უბრალოდ გავიწეოდი გვერდზე, საყვედურსაც ვერავინ მეტყოდა – უბრალოდ “დავიღლებოდი” და წავიდოდი ოჯახთან საზღვარგარეთ.
ბოლო შემოთავაზებით, გაკოტრების განცხადებას შევიტანდი (რაც ამ წუთამდე უპრობლემოდ შემიძლია) და საჯარო აუქციონზე “ვინც საჭირო იყო, ის იყიდდა” რ2ს, მე კი ჩემსას მივიღებდი. უმარტივესი გასაკეთებელი იყო ესეც.
ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და სრულ კონტექსტზე (ოდესმე ითქმება, ალბათ), მთავარს ვიტყვი მხოლოდ – სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი რ2 მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმით შეიძლება შენარჩუნდეს – კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულოვანია).
რაც შეეხება აშკარად მესიჯბოქსურ “ქარხნები მუშებს” – ჩვენ უსასყიდლო გადმოცემაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, ამ დეტალების განცხადებაში გამოტანა არ ჩავთვალეთ საჭიროდ.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ.”- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.
როგორც ცნობილია რუსთავი 2-ის აქციების 80%-ის მფლობელებმა ლევან და გია ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებს გადასცენ, თუმცა ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა ნიკა გვარამია და რ2-ის თანამშრომელთა უმრავლესობა და ნაცვლად რუსთავი2-ის 40%-ისა, ყარამანაშვილებს შპს ტელეკომპანია საქართველოს საკუთრებაში გადმოცემა შესთავაზა.
იტვირთბა....