ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფარული მოსმენების კანონი იმ სახით უნდა იყოს გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“

ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ იზიარებს და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ვარიანტს იწონებს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს  განუცხადა:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კანონი იმ სახით უნდა იყოს გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას აპირებს. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, კანონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაშია.

პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო.  მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ კანონი გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.

 

იტვირთბა....