სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მის მნიშვნელობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი აფასებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის იერიში “რუსთავი 2”-ზე მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცხადი იყო. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ექსპრემიერი ამჯერად თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას და სურს ქვეყანაში ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი გაანადაგუროს.
,,გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო, ასე ღიად სტრასბურგის სასამართლოს არ ამოუღია ხმა რომელიმე ტელევიზიის და ზოგადად მასმედიის დასაცავად. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ყველასთვის გასაგებია რაც ხდება საქართველოში. ივანიშვილი რომ მიიტანდა შეტევას “რუსთავი 2”-ზე, ამას ვამბობდი პირველი დღიდან.
ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, ბოლო არჩევნები საქართველოში იყო გაყალბებული, ჩატარდა უხეში მანიპულაციების და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდების პირობებში და მან მოიპარა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ესხმის თავს ახლა ინტენსიურად საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს, რუსთავი 2 იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, ყველა მოსამართლე ან დააშინეს, ან მოისყიდეს, ან გაწიეს გვერდით. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის საქმის მოსაგებად, ყაჩაღური შეტევა განახორციელა.
„90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.