ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესვენების შემდეგ შეიხსნა უსაფრთხოების ღვედი …”: “აქსისის” ერთ-ერთ ობიექტზე მუშა გარდაიცვალა

კომპანია „აქსისის“ ერთ-ერთ ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ინფორმაციას თავად “აქსისი” ავრცელებს:
„დეველოპერული კომპანია „აქსისი“ მწუხარებით აღნიშნავს, რომ კომპანიის ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

„აქსისი“ თავისი არსებობის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მშენებლობებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მათ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი ხორციელდება 24-საათიან რეჟიმში, პერსონალი სრულად არის ეკიპირებული სპეციალური აღჭურვილობით, თითოეულ ობიექტს ყავს უსაფრთხოების ინჟინერი, რომელიც ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში პერსონალს უტარებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს და ამოწმებს მათ ეკიპირებას.

მიუხედავად უსაფრთხოების დაცვის ზემოთ აღნიშნული მაღალი სტანდარტისა, სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა. რამდენადაც ამ ეტაპზე ირკვევა, გარდაცვლილმა შესვენების შემდეგ შეიხსნა უსაფრთხოების ღვედი და ისე განაგრძო სამუშაო, რამაც გამოიწვია ეს სამწუხარო ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელთანაც, ცხადია, „ აქსისი“ აქტიურად თანამშრომლობს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

იტვირთბა....