“დიმიტრი ობოლაძეს ყოველ წელს ჰქონდა პრეტენზია მაღალ ანაზღაურებაზე”,-ამის შესახებ “რეზონანს” “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა:
„მეწყინა მისი გადასვლა, მაგრამ არ მგონია, არხმა ამით დიდი დანაკლისი განიცადოს. სხვებთან კიარა უკვე თვებია, ჩემთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ეს არ შედგა. დიმიტრი ობოლაძეს ყოველ წელს ჰქონდა პრეტენზია მაღალ ანაზღაურებაზე, წელს ეს პრეტენზია არ დავუკმაყოფილეთ, შესაბამისად, “იმედში” წავიდა. ტელეკომპანია “იმედს” ყოველთვის აქვს “რუსთავი 2″-ისთანამშრომლების გადაბირების მცდელობა, უბრალოდ, ეს არ გამოსდის. ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება და ყოველ წელს ბატონი ობოლაძე შესაშური სტაბილურობით ვაჭრობს ხელფასის მომატებაზე. წელს გადავწყვიტეთ, რომ იგი ამდენი არ ღირს და წავიდა იქ, სადაც ბევრს უხდიან,” – უთხრა “რეზონანსს” ნიკა გვარამიამ.
თავად დიმა ობოლაძის განცხადებით, ნიკა გვარამიასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს:
“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღე. ნიკა გვარამიასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ვაფასებ იმ თვისებებს, რომელიც მას გაჩნია და პირიქით, მასთან არანაირი უთანხმოება, შელაპარაკება ან მსგავსი რამ არასდროს არ მქონია, არავისთან აბსოლუტურად. ბატონი ნიკა ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. ვისაუბრეთ ამაზე, როგორც ნორმალური ადამიანი საუბრობს და შევთანხმდით. ერთი არხიდან მეორეზე გადავიდე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. შემოთავაზება იყო “იმედიდან”, რომელიც მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის. ჩავთვალე 21 წელი ერთ ადგილზე მუშაობა საკმარისია და ამიტომ გადავედი. არავითარი პოლიტიკური ქვეტექტსი ამას არ აქვს. არხს სჭირდებოდა სპორტი საკმაოდ დიდი დოზით და მე მთხოვეს, მიმეხედა ამ საქმისთვის. ჩათვალეს, რომ შემეძლო ამის გაკეთება და მეც მივდივარ ჯერჯერობით სპორტის ახალი ამბების გასაკეთებელად,” – განაცხადა “რეზონანსთან” დიმიტრი ობოლაძემ.

