ჰავაის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დერიკ უოთსონმა ბრძანება, რომ აშშ-ში ექვსი მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეები არ შეეშვა, არ აამოქმედა. მოსამართლემ ამით დააკმაყოფილა ჰავაის შტატის სარჩელი ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების შეჩერების შესახებ რამდენიმე საათით ადრე, სანამ იგი ძალაში შევიდოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შტატ ჰავაის ფედერალურმა მოსამართლემ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც საპრეზიდენტო განკარგულება აშშ-ში მიგრანტების შესვლის შესახებ დაბლოკა. პრეზიდენტი მზადაა დაიცვას თავისი განკარგულება აშშ-ის საზღვრების დროებითი დახურვის შესახებ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში.
“ფედერალური მოსამართლის დერიკ უოთსონის გადაწყვეტილება ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსამართლის მიერ უფლებამოსილების გადამეტების უპრეცედენტო შემთხვევაა.
კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დროებით შეაჩეროს მიგრანტების ნაკადი იმ შემთხვევაში, თუ მას მიაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებშია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი თავის პოზიციას უმაღლეს დონეზე, უზენაეს სასამართლოში დაიცავს. “ჩვენ გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ტრამპი.
ახალი ბრძანების მიხედვით, აშშ-ში 90 დღის განმავლობაში ექვსი მუსულმანური ქვეყნის – ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებსა და აგრეთვე ლტოლვილებს ეკრძალებათ შესვლა.

