„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია“, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
„ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით. მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა. არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის პირი, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია“, – განაცხადა ქარჩავამ.
„ნეტგაზეთი“ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს დაუავშირდა, რომელმაც ედიშერ ქარჩავას განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.
„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. არ გავცნობივარ [მის ინტერვიუს], მაგრამ შორენას [თეთრუაშვილი] ადვოკატზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რაც უნდა ილაპარაკონ და წერონ, ორივემ ერთად. დავამთავრე”,- ამბობს ოხანაშვილი „ნეტგაზეთთან“.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეოპორტში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ამ წუთებში მისი დაკითხვა მეორედ მიმდინარეობს.