ბათუმში დასრულდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, შსს-ს მოქმედებებით, საბოლოო ჯამში მაქსიმალურად იქნა აცილებული ის ზიანი, რომელიც შეიძლება მოეტანა ამ არეულობას. აბაშიშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შსს-ს ჰქონდა მაქსიმალურად პროპორციული ძალა გამოყენებული იმ ეპიზოდში, როდესაც ხდებოდა ზღვარგადასული ქედებები აქციის მონაწილების მხრიდან
“შევხვდით შინაგან საქმეთა მინისტრს, აჭარის მთავრობის მეთაურს. ამ ეტაპისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურ კონტროლს ექვემდებარება, არ შეიმჩნევა არანაირი რისკი ისეთი ტიპის ქმედებების განმეორებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე საათის წინ.
მინდა გავიმეორო, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, დაუშვებელია ყოველგვარი ზღვარგადასული ქმედებები, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და ცხადია მნიშნველოვანია გამოძიებამ დაადგინოს რეალური ბრალეულობა ყველა მიმართულებით, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესებს, დაწყებული მცირე ინციდენტიდან, გაგრძელებული იმ ქმედებებამდე, რომელიც სამწუხაროდ გაცდა კანონის ფარგლებს.
მხოლოდ ამ ჯაჭვური ანალიზის შედეგად იქნება შესაძლებელი პროცესის იდენტიფიცირება და იმის პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რადგან დაუშვებელია სახელმწიფოში ხდებოდეს მსგავსი პროცესები.” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.