ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დახმარებიან.  როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დაზარალებული მოსახლეობა გუშინ ღამე სხვადასხვა სასტუმროში დაბინავდა.

”გუშინ მე, მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა პოლიციასთან ერთად ვიმყოფებოდით ადგილზე, პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა.

ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამე მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რათა დროულად აღდგეს. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი დაიწვა. ხანძრის კერა სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა. დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება კი 3-მა მეხანძრემ მიიღო. ხანძარს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, 20 ერთეული სამაშველო ბრიგადა აქრობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....