საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 11-13 მარტს ბერლინს ეწვევა. ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი კობახიძესთან ერთად, ყრილობას გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, ჩეხეთის პრემიერმინისტრი ბუჰუსლავ სობოტკა, პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიო კოშტა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრთან, სტეფან ლოფენთან, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივანთან, ახიმ პოსტთან და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, კრისტიან კერნთან.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ბერლინში საქართველოს საელჩოს ეწვევა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკა სამხარაძე შედიან.