სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გამოძიების შუალედური შედგების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.მისი შეფასებით, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები მისთვის შემზარავია და მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს, რომლის დასასრული გაურკვეველია.
“ჯერ საუბარი არაფერზე ხდებოდა, ახლა ყველა ყველაფერზე ალაპარაკდა. ტკივილი კი ტკივილად დარჩა… არავითარი სურვილი არ გამაჩნია, ქუჩაში გამვლელმა ეჭვის თვალით შემომხედოს და გულში გაიფიქროს, ვიღაცის მოწამვლა უნდაო… ისედაც მოწამლულები ვართ ყველა ერთად და ამ ,,საწამლავს” უსიყვარულობა ჰქვია, რომელიც შედგება აგრესიის, სიძულვილის, ფარისევლობის, შანტაჟის, ურწმუნოების მინარევებისაგან…
ყველასთვის შემზარავი აღმოჩნდა გავრცელებული კადრები, მაგრამ უფრო შემზარავი პასუხგაუცემელი კითხვები და კიდევ უფრო შემზარავი ამ მძაფრსიუჟეტინი სცენარის გაურკვეველი დასასრულია…
საქმის მხოლოდ ზედაპირზე ვტივტივებთ, მთავარი ფსკერია… არ მინდა მსხვერპლი ერთი ადამიანი აღმოჩნდეს და „რეჟისორი” კადრს მიღმა დარჩეს. ამ შემთხვევაში მსხვერპლი ადვილად შეიძლება გმირიც გახდეს ან საერთოდ ეს ყველაფერი იქნება ტრაგედია უგმიროდ…
ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიას თუ ასე უჭირისფლებდნენ, მიუხედავად ჩემი იმპროვიზაციული ნიჭისა, უნდა ვაღიარო, რომ ყოველგვარ ფანტაზიის სფეროს გასცდა და ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს დროშიც სასწაულები ნამდვილად ხდება… ოღონდ, მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმა თავის დროზეც არ იქნებოდა ურიგო… ღმერთს მადლობა, არასდროს არავისტი ვყოფილვარ და ყოველთვის იქ ვიდგები, სადაც სიმართლეა, მაგრამ დღეს, ამ ავგიას თავლაში ძალიან დავიბენი და ვერ მივაგენი სად არის სიმართლე…
ჭრილობა უფრო ღრმაა, ვიდრე მისი გარეგნული მხარე…
ჩვენ ვუწყობთ ხელს გმირების და ანტიგმირების შექმნასაც. ჩვენ ვქმნით ადამიანებს სამართავ მანქანებად და ჩვენვე ვისვრით სანაგვეზე. ჩვენ გამოგვყავს ფრანკენშტაინი და ჩვენივე შექმნილს ჩვენვე ვეწირებით… ვიღაცას მეტს ვაძლევთ, ვიღაც კი შიმშილით და მოუკითხაობით ბოროტდება…
ღმერთმა ქნას ციანიდის ისტორია უკეთესობის საწინდარი იყოს. მაშინ გულწრფელ მადლობას ვეტყოდი “ციანიდს” , – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.