ბუნებრივი გაზით სავარაუდო ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა მოხდა რუსთავში – 85 წლის ქალბატონი აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს. ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს მის შვილსაც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 119 შემთხვევიდან 5 ფატალურად დასრულდა.
რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირების გამო, ,,საქორგგაზს“ რეკომენდაციით მიმართა ენერგოომბუდსმენმაც.
„მიმდინარე წლის განმავლობაში ქ. რუსთავში დაფიქსირდა საგანგაშო სტატისტიკა ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 119 შემთხვევიდან 5 ფატალურად დასრულდა.
აღნიშნული ფაქტების გამო, ენერგოომბუდსმენის აპატარი რეკომენდაციით მიმართავს სს ,,საქორგგაზს“ (გაზის გამანაწილებელი კომპანია რუსთავში), რომ გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი და აგრეთვე წარმოადგინოს ტექნიკური შემოწმების შედეგები, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩაატარა შემთხვევის ადგილებში.
საზოგადოებრივი დამცველი თხოვნით მიმართავს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, რომ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე არ დაამონტაჟონ და თვითნებურად არ შეცვალონ ბუნებრივი გაზის დანადგარები, ვინაიდან, ეს არის განსაკუთრებით საშიში ნივთიერება და ყოველი დეტალის სწორად გათვლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში.
წყარო: პირველი რადიო