აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი.
„აშშ მწუხარებას გამოთქვამს ე.წ.სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვის გამო“ – ამ სათაურით ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია სტატიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, არსებობს საშიშროება, რომ გადასასვლელების დახურვით კიდევ უფრო შეიზღუდება გადაადგილების თავისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობას შეექმნება დამატებითი პრობლემები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დახურვა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.