„კვირის პალიტრა” დაკავებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის ჩვენების მცირე ფრაგმენტს აქვეყნებს. დეკანოზის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან მთავარი პროკურორის მოადგილისგან გაიგო, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის დააკავეს.
„გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში. ვკითხულობდი მიზეზს. საჭესთან ვინც იჯდა, იმან მითხრა, იცი, რისთვის ხარ დაკავებულიო? რისთვის, ამიხსენი-მეთქი, პირდაპირ მომახალა, შენ პატრიარქი უნდა მოგეწამლაო და მაშინ მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის. გაოგნებული ვიყავი. მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე…”, – ნათქვამია მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტსი დააკავეს.