ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფინანსთა სამინისტრომ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მიწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 3 წლამდე.

იტვირთბა....