ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ მას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ეკუთვნის სრულად:
“მე ვთვლი, რომ იმაზე ნაკლები დავუბრუნე, ვიდრე ჩემგან წაიღეს, იმიტომ, რომ 2004-2006 წლებში ბიზნესი წამოწყებული იყო და არავინ არ იცის რა დონეს მიაღწევდა. აქედან გამომდინარე ამის შეფასება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ ან მარტივად წარმოგიდგენიათ. თუ წაიღეს ლურჯი შენობა, ახლა შეიძლება ყვითელი იყოს. ეს არ არის აღრიცხვის საფუძველი და შეფასების საფუძველი. აქედან გამომდინარე ყველაფერი ითვლება პერსპექტივასთან დაკავშირებით და სხვათაშორის მინდა მაყურებელს ერთი რამ შევახსენო, რომ 2006 წლის ანგარიშით “რუსთავი 2”-მა იმაზე მეტი მოიგო, ვიდრე მომავალ წლებში, როგორც “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი აცხადებს დღეს. მაშინ იყო მოგებაზე ორიენტირებული და უბრალოდ მე არ ვერთვებოდი პოლემიკაში როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ წამგებიანი კომპანია ჩააბარა და მომგებიანი მიიღოო. ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ეს ბალანსები გადაიხედოს და როდის იყო ყველაზე მომგებიანი კომპანია, მოსახლეობამ გაიგოს,“-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე განცხადებით, დავალიანებები, რომელიც “რუსთავი 2”-ს აქვს, შეგნებულად არის დაგროვებული:
“თუ ეს დავალიანებები ხელოვნურად არის შექმნილი და დაგროვებული, ამას ჰყავს პასუხისმგებელი და ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. როდესაც ჩვენ დაგვაყადაღეს და გაგვიჩერეს, მეორე დღეს დაგვიკეტეს კარები და ხალხი უმუშევარი დატოვეს, არ მოგვცეს საშუალება, რომ ქვეყანასთან ანგარიშსწორება გაგვეკეთებინა, დაგვიგროვეს ვალები, გაგვაკოტრეს და დაგვტოვეს უმუშევარი. ხალხი იყო უსამსახუროდ. გვაზარალეს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის. დღეს მე მგონი კანონიერება არსებობს და მაგ ვალების დამგროვებლები შესაბამისად პასუხს აგებენ, თუ ეს ხელოვნურადაა შექმნილი,”- განაცხადა ხალვაშმა.
კითხვაზე, როგორც ბიზნესმენმა, სარფიანი წინადადება, რომ მიიღოს, თუ გაყიდის ტელევიზიას, ქიბარ ხალვაშმა უპასუხა:
“მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება…მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება. მაგრამ, მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები.”- განაცხადა ხალვაშმა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.